ახალი ამბები
ბიზნესით სიანტერესებულ პირებს ქუთაისის აეროპორტი კონსულტაციებს სთავაზობს
FaceBook

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მალე კომერციული საქმიანობის გაწევა შესაძლებელი იქნება.


ამ მიზნით გაერთიანება დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებისთვის იწვევს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება.

,,კომპანია აეროპორტის ახალ ტერმინალში კომერციული საქმიანობის გაწევის მიზნით გასამართი აუქციონის პირობებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დაინტერესებულ პირებს იწვევს. ახალ ტერმინალში კვების ობიექტების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის  მოწყობითა და სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჯაროდ გამართულ ონლაინ აუქციონში მიიღონ მონაწილეობა", -
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში იმასაც განმარტავენ, რომ პროცესები ყველა ეტაპზე გამჭირვალედ წარიმართება. 

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დაინტერესებული პირებისთვის ძირითადი მოთხოვნა იქნება, განახალებულ აეროპორტში მათ მიერ მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისები და პროდუქტები იყოს მაღალი ხარისხის, პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მგზავრებს ჰქონდეთ არჩევანის მრავალფეროვნება.

კომერციულ საქმიანობაზე ონლაინ აუქციონები ეტაპობრივად, სხვადასხვა ლოკაციებზე კონკრეტული კონცეფციის შესაბამისად გამოცხადდება.

პირველ ეტაპზე, ჩამოფრენისა და გაფრენის დარბაზებში ონლაინ აუქციონები გამოცხადდება სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე. მათ შორის რესტორნებზე, სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფეებსა და ა.შ. ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება მომხმარებლების ქცევები, საჭიროებები და სურვილები.

 


Print
თეგები: #აეროპორტი