ახალი ამბები
კორონავირუსის პრევენციისთვის სკოლებში ახალი რეგულაციები დაწესდა
FaceBook

ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კორონავირუსით  გამოწვეულ ინფექციასთან  დაკავშირებული ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.


საუბარია სპეციალურ პროტოკოლზე, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს/თანამშრომელს ტემპერატურა, ან რესპირატორული ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდება.

პრევენციული ღონისძიებები სკოლებისთვის: 

1. თერმოსკრინინგის ჩასატარებლად გამოიყენება სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია).

2. პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1-მეტრიან დისტანციას.

3. თერმოსკრინინგისას ცხელების – 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15-წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში.

4. ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ.

5. ტემპერატურის გადამოწმების შემდეგ 37°С ან 37°С -ზე მეტი ცხელების დადასტურების შემთხვევაში: ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს; მოსწავლეს მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით.

6. საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია.

7. დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები უნდა აღირიცხოს შესაბამის ფორმაში.

8. დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში.

9. რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით.

10. სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი.

11. მოსწავლის/თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის კონტაქტების მოძიებისა და კარანტინის/თვითიზოლაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესაბამისად.

 

Print