ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე - ქმრის უდანაშაულობას დავამტკიცებ
FaceBook
ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე, ადვოკატი ნინო მეფარიშვილი,  შსს-ს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

მეფარიშვილი აცხადებს რომ, მის მეუღლეს გარდაცვლილთან ნაცნობობაც არ აკავშირებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცრუ ბრალდებებს მიზანმიმართულად ქმნიან.

"ჩემს მეუღლეს გარდაცვლილთან არანაირი სიახლოვე არ ჰქონდა, შესაბამისად ვერც შურისძიების მოტივი იარსებებდა. შსს ახდენს მტკიცებულებების ფალსიფიცირებას. მაგალითად, შემთხვევის ადგილიზე დანაშაულის კვალია  წაშლილი. იქ ახლა დაასხეს ცხელი ასფალტის ფენა სისხლის კვალის დასაფარად. ასევე, ჩემი მეუღლის ავტომობილში ჩადებულია იარაღის მასრები. ამ საქმის ჩაფარცხვაზე შსს-ს მკვლელების ბრიგადა პირადად მუშაობს. დაუცველია შემთხვევის ადგილი, განადგურებულია რეალური მტკიცებულებები და საზოგადოებას შეთითხნილ ამბავს უყვებიან",
- განაცხადა მეფარიშვილმა პრესკლუბ ,,მედია რუმში" გამართულ ბრიფინგზე.

ადვოკატი სამართალდამცავებს ძალადობაშიც ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ მის მეუღლესა და მეგობრებს დაკითხვაზე პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრები ბრიფინგზეც იმყოფებოდნენ. როგორც ისინი განმარტავენ, მათთვის უცნობია რა მიზეზით აბრალებენ მკვლელობას ადამიანს, რომელმაც მთელი დღე მეგობრებთან ერთად გაატარა.

ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ირწმუნება, რომ მას სხვა მტკიცებულებებიც აქვს, რომლითაც მეუღლის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

''მე ჩემი ქმრის უდანაშაულობას დავამტკიცებ. მთავარია უსაფრთხოდ ვიყოთ. ყველას მინდა ვუთხრა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები ვართ. თუ რომელიმეს რამე დაგვემართა, ეს იქნება მიზანმიმართული თავდასხმა'', - აცხადებს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე 9 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ. ქუთაისში დააკავა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს


Print