ახალი ამბები
ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
FaceBook
ქუთაისში, აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს, მათი ხსოვნის მემორიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს.

მათი თქმით, სწორედ აგვისტოს გმირების მსგავს ადამიანებზე დგას ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასდროს დაივიწყებს.


იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, საქართველო დღემდე რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

" 12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ და მხოლოდ დიპლომატიური გზით, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წნეხის გაზრდით შევძლებთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, რუსეთ-საქართველოს ომს ასობით მშვიდობიანი მოსახლის და ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა მისსავე სამშობლოში და ისინი აუცილებლად ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, დაღუპულების ხსოვნა კი ყოველთვის ჩვენთან იქნება. სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობიანი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი დავიბრუნოთ ტერიტორიები, განვავითაროთ და წინ წავიყვანოთ ქვეყანა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად და ერთხელ და საბოლოოდ, ოღონდ უსისხლოდ, დასრულდეს ომი, რომელსაც რუსეთი საუკუნეებია ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს"-,განაცხადა ზვიად შალაბერიძემ.

სასულიერმა პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

2008 წლის შვიდ აგვისტოს ცხინვალში რუსის სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ომში რუსეთი ოფიციალურად რვა აგვისტოს ჩერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მან საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

ცხრა აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა კოდორის ხეობაზე თავდასხმით მეორე ფრონტი გახსნეს და რუსეთის 58-ე არმიის ბატალიონმა კოდორის ხეობაც დაიკავა.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. სახლების დატოვება კი 263 598 ადამიანს მოუხდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ქუთაისში ომში დაღუპულ მებრძოლთა 8 ოჯახი ცხოვრობს.
Print