ახალი ამბები
"საუბარიც არ არის უსინათლოთა მხარდაჭერაზე" - შშმ პირთა შესახებ კანონის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ვიცე-პრემირმა, თეა წულიკიანმა პარლამენტის დეპუტატ "ქართული ოცნებიდან" რატი იონათამიშვილთან ერთად, შშმ პირთა უფლების შესახებ 28 ივლისს დამტკიცებული კანონის პრეზენტაცია გამართა.

"დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ელოდა ამ კანონს ეს თემი. მათ უკვე ხელთ აქვთ საკანონმდებლო ბერკეტები, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. წინ არის იმპლემენტაციის რთული პროცესი და ჩვენ, როგორც მთავრობა ასევე, პარლამენტი და "ქართული ოცნების" პარტია შშმ პირთან თემთან მუშაობასა და ურთიერთობას გავაგრძელებთ, რომ კანონი კანონად არ დარჩეს
", - განაცხადა თეა წულიკიანმა. 

შეხვედრას, ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში, დასავლეთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებიც შშმ პირთა თემს წარმოადგენენ და რომელთა ნაწილი კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა.

შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დოკუმენტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, თუმცა ხაზი გაუსვეს კანონში არსებულ ხარვეზებს და მთავრობის წარმომადგენლებს მეტი მხარდაჭერა სთხოვეს. 

"პოზიტიური ნაბიჯია და ამის უარყოფა არ იქნება სწორი. ამისთვის მადლობას გადავიხდით. არ ვართ უმადურები ჩვენ, შშმ პირები. მაგრამ საუბარიც კი არ არის ამ კანონში უსინათლოთა მხარდაჭერაზე", - აღნიშნა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმის" წარმომადგენელმა, ალექსი წეველიძემ.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით, შშმ პირი ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის ობიექტის ნაცვლად სოციალური უფლებების სფეროში დაცვის ობიექტი ხდება.

მუნიციპალიტეტებს ევალებათ, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას და შემოიღონ ახალი, პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი. 

კანონში ცალკეა გამოყოფილი შშმ ქალთა უფლებები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შშმ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებთან შედარებით ხუთი წლით ნაკლებია, რადგან ქალებს ხშირად რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებთან წვდომა არ აქვთ. როგორც კანონზე მომუშავე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ახალი კანონის მიხედვით, ქალთა უფლებებს ამ კუთხით მეტი ყურადღება დაეთმობა. 

ახალმიღებული კანონი უკვე გამოქვეყნებულია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე.  ახალმა კანონმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 14 ივნისს მიღებული კანონი ჩაანაცვლა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ ახალი კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

Print