ახალი ამბები
მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი ერთჯერადად 200- ლარიან დამხარებას მიიღებს.
გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ბავშვები 200 ლარიან დახმარებებს სავარაუდოდ 1-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში მიიღებენ.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, სამინისტრო ამჟამად მუშაობს დოკუმენტაციაზე, რომელიც მშობლებმა კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ.

გარდა ამისა, მინისტრის განმარტებით, მომავალ კვირაში სამინისტრო გააჟღერებს დოკუმენტაციის ნუსხას, თუ რა უნდა წარადგინოს მშობელმა და პორტალს, სადაც ისინი უნდა აიტვირთოს.
Print