ახალი ამბები
"ქუთაისის მერიამ 2000 ადამიანი განსაცდელში მიატოვა"
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 2 000-მდე ადამიანს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სახელმწიფოსგან კომპენსაცია ვერ მიიღეს, დახმარებაზე მერიამაც უარი უთხრა.

პარტიის წევრებმა ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია მოაწყვეს და იმ ადამიანების განცხადებები მიიტანეს, რომლებსაც თანხის გაცემაზე უარი ეთქვათ. პარტიის კოორდინატორის, სამსონ გუგავას თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

"2 000 ადამიანს, რომლებიც არიან სიღატაკის ზღვარზე და ხელისუფლებამ უარი უთხრა დახმარებაზე, ქუთაისის მერიამაც გაწირა და უარით გაისტუმრა. ეს არის განსაცდელში მიტოვება, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. მერიას, რომელიც ოლიგარქის ზნედაცემული ჩინოვნიკების თავშესაფრად იქცა, ადამიანების ბედი არ აინტერესებს", - განაცხადა სამსონ გუგავამ.

სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების გაცემის თხოვნით,  ქუთაისის მერიას პარტიამაც მისწერა. პასუხში მერია არ განმარტავს რა მიზეზით ეთქვა მოქალაქეებს უარი მატერიალურ დახმარებაზე.

"თქვენი თხოვნა, საინიციატივო ჯგუფში შემავალი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ მატერიალური დახმარების გაცემის თაობაზე, სამწუხაროდ, ვერ დაკმაყოფილდა. თუმცა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, უფასო მგზავრობის, კვების, სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტებით დახმარების, კომინალური გადასახადებისა და სხვა ღონისძიების დაფინანსება", - ნათქვამია წერილში.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2467 ოჯახია რეგისტრირებული.
Print