ახალი ამბები
COVID-19-ის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში მოსახლეობის 46% არ აიცრებოდა: NDI-ის კვლევა
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 80 პროცენტი კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება.
თუმცა, ღელვის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა (38 პროცენტი აიცრებოდა).

ფოკუს ჯგუფის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეები ზოგადად ვაქცინის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა მონაწილეები შემდეგ საკითხებზე წუხან: “გააჩნია ვაქცინის წარმოშობას”, “დრო დასჭირდება (ერთი წელი მაინც), რომ დავრწმუნდეთ მის სანდოობაში”, “ვაქცინა აღარ გახდება საჭირო, თუ ეპიდემიის საფრთხე შემცირდება”.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია.

მოქალაქეები მთავრობას და ჯანდაცვის სპეციალისტებს კრიზისის ეფექტურად მართვას უწონებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობა ვირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე სანდო წყაროებადაც მიიჩნევიან.

“კორონავირუსის საპასუხოდ ხელისუფლების სწრაფმა და მტკიცებულებებზე დამყარებულმა ნაბიჯებმა ამ პროცესისადმი მოსახლეობის ნდობა გაამყარა,” - განაცხადა ლორა ჯუიტმა, NDIის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.

“ეს ნდობა უაღრესად მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდისთვის. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური კომუნიკაცია და კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება გაგრძელდეს. დეზინფორმაციისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სპეციალისტებს უფრო ეფექტური პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება.”

მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია. ამასთანავე, მოსახლეობის 60 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ტყუილის სიმართლისგან გარჩევა შეუძლია.

მოქალაქეების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ მოსაზრებებს, მათ შორის იმას, რომ: ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლაში თავისი წევრი ქვეყნები მარტო დატოვა (54 პროცენტი არ ეთანხმება), რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება (60 პროცენტი არ ეთანხმება), რომ 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან (45 პროცენტი არ ეთანხმება).

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მცირე ნაწილს ამ მოსაზრებების სჯერა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი გადაჭრით ვერ ამბობს ეს დებულებები სიმართლეს შეესაბამება თუ არა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დეზინფორმაციულ კამპანიებს მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია.

ლუგარის ლაბორატორიამ, რომელიც დეზინფორმაციული შეტევის ხშირი ობიექტია, მოსახლეობის უმრავლესობისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. მოქალაქეების 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალა.

ამასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა (76 პროცენტი) და ნატო-ში გაწევრიანებას (69 პროცენტი).

კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, მოსახლეობის 90 პროცენტი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85 პროცენტი - საქართველოს ხელისუფლებას, 73 პროცენტი - ჟურნალისტებს/მედიას, 66 პროცენტი - ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61 პროცენტი რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.

საგულისხმოა, რომ მოსახლეობის 19 პროცენტი პანდემიის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ იღებს. საქართველოს მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან (84 პროცენტი), სოციალური ქსელებიდან (41 პროცენტი) და ახლობლებისგან (26 პროცენტი) იღებს. კითხვაზე თუ რაზე დაყრდნობით წყვეტენ ფეისბუქზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარია თუ არა, მათი 61 პროცენტი, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან იღებს ამბობს, რომ ინფორმაციის წყაროს ან მედია საშუალებას აკვირდება, ხოლო 37 პროცენტი საკუთარ ინსტინქტებს ენდობა.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print
თეგები: #NDI #კვლევა