ახალი ამბები
ბლოგით დაწყებული საქმე, უკვე ანგარიშგასაწევი ინტერნეტგამოცემაა, რომელსაც ენდობიან - ლაშა ზარგინავა
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:


ლაშა ზარგინავა, ჟურნალისტი:

ერთი წელი, არც ცოტაა და არც ბევრი. ერთის მხრივ, დაიმკვიდრო შენი ადგილი და მეორეს მხრივ-გქონდეს საზოგადოების ნდობა, რაც ყველაზე დიდ პრობლემად იქცა, ქართული ჟურნალისტიკისთვის.

რთულია დაიმკვიდრო შენი ადგილი მაშინ, როცა ქართული მედია ბაზარი, გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის გამოცემით და ადამიანებით, რომლებიც ქმნიან სკანდალზე აგებულ ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან. სწორედ ეს განაპირობებს იმ უარყოფით მიდგომებს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით მუშაობის პროცესში. თქვენ კი, ამის საშუალება არავის მიეცით. აი, ამიტომაც გამოვარჩევ ხოლმე "ქუთაისი პოსტს" და ამიტომაც გეუბნებით-მადლობა!

არადა, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი და ვხედავთ, დღეს რას აკეთებს "ქუთაისი პოსტი". ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ, ყველას თანამონაწილეობით მივიღეთ, კიდევ ერთი კარგი და სანდო რეგიონული საინფორმაციო პორტალი, რომელიც არ დასჯერდა ტიპიურობას და აირჩია განვითარების სხვა, უფრო თანამედროვე გზა.

ბლოგით დაწყებული საქმე, უკვე ანგარიშგასაწევი ინტერნეტგამოცემაა, რომელსაც ენდობიან, ელოდებიან და კითხულობენ. სწორედ ნდობაა, ის, რაც ჩვენს პროფესიაში ყველაზე მეტად ფასობს. ნდობა კი, პროფესიონალიზმის გარეშე არ მოდის. პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით ზრდა და განვითარება მინდა გისურვოთ.

უფრო მეტი საინტერესო პროექტი "ქუთაისი პოსტს" და ყველაზე მთავარი-მკითხველი!

Print