ახალი ამბები
იმერეთის სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებაზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
იმერეთში, მუნიციპალიტეტების მერიებმა საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეკონსტრუქციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადეს.

ახალი სასწავლო წლიდან, ქუთაისში განახლებული სველი წერტილები 31-ე, მე-40, მე-11 და მე-16 საჯარო სკოლებს ექნება.

მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, მერაბ ნუცუბიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ მათ სკოლაში სველი წერტილების რეკონსტრუქცია გასული წლის სექტემბერში დაიგეგმა.

"ძირითადად, მოწესრიგებული გვქონდა საპირფარეშოების საკითხი. უბრალოდ, დამატებით კარების შეცვლა გვინდოდა და გვიკეთებს ახლა მერია", - ამბობს მერაბ ნუცუბიძე.

სველი წერტილების მოწესრიგება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N27 განკარგულების საფუძველზე ხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სკოლებში სველი წერტილების პრობლემაზე მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ისაუბრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, მან განათლების სამინისტროს სკოლებში ნორმალური სველი წერტილების უზრუნველჰყოფა დაავალა.

Print