ახალი ამბები
იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა
FaceBook
იმერეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი დაიღუპა.
ამის შესახებ, ინფორმაციას ადასტურებს იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრია, ინფიცირების წყარო კი  ჯერჯერობით დადგენილი არ არის. 

გიორგიძის თქმით, იმერეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს დაავადება იშვიათია.

ყირიმ-კონგოს ვირუსის მტარებლები არიან გარეული (ძირითადად მინდვრის თაგვები) და შინაური ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა. ცხოველებში ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ტკიპის კბენის შედეგად.

ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით, ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან, ან ქსოვილებთან კონტაქტისას. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი ჰქონდა იმ პირებში, რომლებსაც შეხება აქვთ შინაურ საქონელთან. ესენი არიან: სოფლის მეურნეობის მუშაკები, სასაკლაოებში მომუშავენი და ვეტერინარები.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან, ან ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. საავადმყოფოსთან ასოცირებული ინფიცირება შესაძლებელია სამედიცინო მოწყობილობის არასრული სტერილიზაციისას, ნემსების ხელახალი გამოყენებისა და სამედიცინო ხელსაწყოების დაბინძურების შემთხვევაში.

ყირიმ-კონგოს ცხელების სიმპტომებია: ცხელება, ზურგისა და თავის ტკივილი, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და სისხლჩაქცევები.



Print