ახალი ამბები
აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება
FaceBook
აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული გამოცდების ჩაბარებას შეძლებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.

"კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.''

აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებათ PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამოცდები განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, საგამოცდო სივრცეები მოწყობილია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.


Print