ახალი ამბები
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ რუას ისტორიული აბანოები მოწესრიგდება
FaceBook
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, (კანალიზაციით და შლამით სავსე ისტორიული აბანო ქუთაისში) წლების განმავლობაში მოუვლელი, უძველესი ბუნებრივი აბანოები მოწესრიგდება.

შესაბამისად, საუკუნოვანი სიმდიდრე განადგურებას გადარჩება, ქალაქს კი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება.


ამ საკითხით იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა და განაცხადა, რომ ,,რუას აბანოები" მალე მოვლილ, ტურისტულად მიზმიდველ ადგილად გადაიქცევა.

"მკვლევარებთან და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამ ეტაპზე, ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება სპეციალისტებთან ერთად", - აღნიშნავს შალამბერიძე.

თავის მხრივ, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, ტატო ლილუაშვილი აცხადებს, რომ ,,რუას აბანოების" პოპულარიზაციაში აქტიურადაა ჩართული.

,,რუას" სამკურნალო აბანოები, წლების განმავლობაში ინტერესის მიღმა რჩებოდა. ამას გარდა, ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბინძურდებოდა. დასახლებაში არარსებული საკანალიზაციო სისტემის გამო,  მოსახლეობას ამ დრომდე პირდაპირ  მდინარეზე აქვს გადადგმული საპირფარეშოები. 

დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, საქართველოს წყალმომარაგების კომპანია 2021 წელს გეგმავს. პროექტის განხორციელებამდე, გაუფრთხილებლობის, უყურადღებობის, თუ სხვა გარემოებების ფონზე, ,,რუას" სამკურნალო აბანოებიდან, ახლა მხოლოდ სამია შემორჩენილი.

ადგილობრივების ცნობით,
თავდაპირველად მდინარეში  სულ ხუთი სამკურნალო აბანო ყოფილა ამოკვეთილი.


,,ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე ,,რუას" კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოები მე-12 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავის დროზე, სწორედ ,,რუას" წყლის სამკურნალო თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, დასახლების საბაბი.


ამავე თემაზე:

კანალიზაციით და შლამით სავსე ისტორიული აბანო ქუთაისში (ვიდეო)

ჭომაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს იგეგმება. 100  მილიონიანი პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია.


Print