ახალი ამბები
6 თვეში საქართველოში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა
FaceBook
2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოში 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
აქედან, 224 შემთხვევა  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს.

6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.
Print