ახალი ამბები
"წყალს ვყიდულობთ" - კვახჭირის მოსახლეობის საპროტესტო აქცია (ვიდეო)
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მცხოვრებლები წყლის მიწოდებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 

კვახჭირში  300-მდე  ოჯახი წლის გარეშეა დარჩენილი.  ადგილობრივები ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებით ამდრომდე  არავინ დაინტერესებულა.  

"წარმოგიდგენიათ წყალს ვყიდულობთ ხალხო, მილები ჩაყრილია და წყალი ზოგს მიეწოდება და ზოგს არა. ჭაშიც აღარ არის წყალი. საცოდავ დღეში ვართ", - ამბობს კვახჭირის მკვიდრი, თამარ ხეცურიანი.



სოფელში წყალგაყვანილობა ორი წინ მოწესრიგდა, დამონტაჟდა მრიცხველები, თუმცა ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება.



"მოგვეცით პირობები რომ ვიცხოვროთ. არც წყალი გვაქვს და არც გზა", - ამბობს ნაილი ყუფარაძე.

მოსახლეობა  ამბობს, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციის წინ მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააშინა, რომ თუკი აქციაში მონაწილეობას მიიღებდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.

შეკრებილ მოსახლეობასთან  კვახჭირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, მირზა აფრიდონიძე და მერის წარმომადგენელი კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში, როლანდ გამრეკიშვილიც მივიდნენ.  ისინი მოსახლეობის დაშინების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

რაც შეეხება წყლის პრობლემის მოგვარების საკითხს, ამბობენ, რომ  უახლოეს მომავალში მოგვარდება, თუმცა, კონკრეტულად როდის, ზუსტი თარიღის თქმა უჭირთ. 

"ქსელი დაერთებულია 2013 წელს შესრულებულ მაგისტრალზე, რომელზედაც ხარვეზები ფიქსირდება. გამტარიანობის  გამო მაგისტრალი ვერ უძლებს წყლის მოწოდებას. დღესდღეობით, ძალიან რთულია ამ სისტემების მარტივად მოწესრიგება, მაგრამ ჩართულია ხელმძღვანელები და ამ კვირაში ველოდებით, მაგალითად, გზის მოწესრიგების ტენდერის გამოცხადებას და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა   არსებული პრობლემა დროულად მოვაგვაროთ", - ამბობს სოფლის დეპუტატი, მირზა აფრიდონიძე.
Print