ახალი ამბები
"არა სასიკვდილო კედელს" - აქცია ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
FaceBook
"არ დამიტბორო წინაპრების საფლავი", "დიდი ჰესები უნდა აიკრძალოს",  "ქუთაისი საფრთხეშია" - ამ სლოგანით დღეს სოფელ ნამახვანში 105 მეტრი სიმაღლის ჰესის  მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
საინიციატივო ჯგუფის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები და წყალტუბოს სოფლის მკვიდრები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც ჰესის კასკადი უნდა მოწყოს. 

"ჰესის აშენების შემთხვევაში, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, კლდედაღმართი, იგივე რიონის ხეობის ლეჩხუბი, ფაქტობრივად, განადგურდება. ასევე,  განადგურდება  ვაზის უნიკალური ჯიშები. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  ხელისუფლებას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების გეგა, რომელიც ასეთ პროექტებს თან ერთვის. ექსპერტები გამოდიან და იძახიან, რომ თუკი ჰესი აშენდება მიწიძვრის შემთხვევაში მთელი ქუთაისი 19 წუთში დაიტბორება, ამაზე გაგვცენ პასუხი.  როგორ უნდა დავიძინოთ მშვიდად, როცა ასეთ სასიკვდილო კედელს გვიშენებენ", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი მალხაზ მურუსიძე. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლები ისედაც ინგრევა, რადგან მეწყრული ზონაა და ჰესის მშენებლობა აქ დაუშვებელია.  სოფლის მკვიდრების თქმით, თუკი მთავრობა არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას და არ გააჩერებენ მშენებლობას  აქციებს ყოვლდღე გამართავენ. 

"ვიმოქმედებთ იმის მიხედვით თუ რა ნაბიჯს გადადგამს მთავრობა. არა სასიკვდილო კედელს". 



ადგილობროვებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც შეურთდნენ. 

მოძღვრებმა ადგილზე ე.წ. სავედრებელი პარაკლისი ჩაატარეს.

“ხალხის ხმას არ ისმენენ და იქნებ ღმერთის მაინც შეისმონონ”. 



რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობის საფრთხეებთან დაკავშირებით.
Print