ახალი ამბები
ქუთაისში ცხელების ცენტრის თანმაშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკაში დასქმებული 300-მდე მედპერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ოთხი თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ.

აქციის მონაწილეები ჩივიან, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, მათი ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა, დაპირებული ანაზღაურება მათთვის არავის მიუცია.

“ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 კაცი გაგვგზავნეს. თანამშრონლების ნაწილი სახლში გაუშვეს. 4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა,  ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, მაგრამ რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას, ჯობია  ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ,” -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სალომე გაბელია.

ჩხობაძის სახელობის კლინიკის კლინიკური მენეჯერის გიგა სანდუხაძის თქმით, აღნიშნული საავადმყოფო რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრს ექვემდებარება და ის თბილისიდან იმართება. 

"ზოგადად, ვიცი, რომ ჩარიცხულია თანხები, მაგრამ რატომ არ ხდება ჩარიცხვა, რატომ გვიანდება ვერ გეტყვით, რადგან მე ვარ კლინიკური მენეჯერი და არა ფინანსური. სამინისტროშიც არის გადაგზავნილი სიები, გუბერნიაშიც და ყველგან ზემდგომ ორგანოსთვის მიწერილი გვაქვს წერილი, სადაც საჭიროა", - ამბობს გიგა სანდუხაძე.


ქუთაისში, ცხელების ცენტრი, სადაც პაციენტთა ე.წ. ტრიაჟი ხდება, პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს.

ცენტრში მისული პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ, პირდაპირ კლინიკაში გადაჰყავთ.

ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მოქმედ ცხელების ცენტრს 500–მდე პაციენტმა უკვე მიმართა.












Print