ახალი ამბები
წყალტუბოში კარიერზე მომხდარ აფეთქებას მოზარდი შემთხვევით გადაურჩა
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში არსებულ კარიერზე, აფეთქებითი სამუშაოების დროს, ქვის ნატეხი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში ჩავარდა.

ნამსხვრევი 10 წლის გოგონას, რომელიც ეზოში თამაშობდა, რამდენიმე სანტიმეტრით აცდა. მოზარდის დედა ამბობს, რომ გოგონა ძალიან შეშინდა, რის შემდეგაც ადგილზე 112 გამოიძახეს.

"ბავშვს შეეშინდა ძალიან, წარმოიდგინეთ, იმხელა მანძილიდან გადმოსროლილი ქვა რომ ბავშვს მოხვედროდა?! რა ზომისაც უნდა ყოფილიყო, ბავშვს რას დამართებდა?! ჩაერთო ახლა ყველა ამ საქმეში და დიდი ვარაუდით, დაიკეტება", - ამბობს ნატო ბერეკაშვილი. მოზარდის დედა ამბობს, რომ აფეთქებითი სამუშაოების შესახებ არავის გაუფრთხილებია.

იგივეს ამბობენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, ყოველი აფეთქების შემდეგ მათი სახლები იბზარება.

"შვიდჯერ ააფეთქეს დღეს. არც ვიცოდი, საწოლზე ვიწექი და ისეთი ვიბრაცია იყო, მიწისძვრა მეგონა. ყოველი ასეთი აფეთქების შემდეგ იბზარება სახლები, მაღაზიის კელდები და თუ რამე შენობაა, ყველაფერი ",  - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კარიერი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე აეული მეტრით არის დაშორებული. ადგილზე ახლა პროცესი შეჩერებულია. ტერიტორიაზე მხოლოდ დარაჯი დაგვხვდა, რომელმაც გვითხრა, რომ  სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის  უფროსი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი თქმით, აფეთქების შედეგად ნამსხვრევები დაახლოებით 20 მეტრის რადიუსში იფანტება, თუმცა, როგორ მოხვდა ქვა ადგილობრივის ეზოში, არ იცის.

ზვიად ოქროპირიძე ასევე გვეუბნება, რომ აფეთქების დროს გზებს საპატრულო პოლიცია კეტავს და ხდება მოსახლეობის გაფრთხილება, თუმცა, მოხდა თუ არა ამჯერად მოძრაობის შეზღუდვა, არ იცის.

"ვკეტავთ გზებს და ვაფრთხილებთ მოსახლეობას. პოლიცია მოდის და ის აჩერებს სამანქანო მოძრაობას. დღეს იყო თუ არა, არ ვიცი",  - ამბობს ზვიად ოქროპირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

Print