ახალი ამბები
თვითმმართველობების Facebook გვერდებზე მმართველი პარტიის წარმოჩენა გახშირდა - ISFED
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაწილი, ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდების გამოყენებით, 2020 წლის აპრილიდან მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიაში ჩაერთო.

მმართველი პარტიის გარდა, ცალკეული მუნიციპალიტეტები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სასარგებლო კამპანიაშიც არიან ჩართული.

"სამართლიანმა არჩევნებმა" ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 133 ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი შეისწავლა, მათგან 69 მერიის და 64 საკრებულოს გვერდი.

ირკვევა, რომ 2020 წლიდან მმართველი პარტიის წარმოჩენა განსაკუთრებით გააქტიურდა იმერეთში. "ქართულ ოცნებას", ფეისბუქ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაში ხშირად მოიხსენიებენ წყალტუბოს, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერეს, ტყიბულისა და ხარაგაულის როგორც მერიას, ასევე, საკრებულოებს.

2020 წლის იანვრიდან დღემდე 20 მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში "ქართული ოცნება" 29-ჯერ ახსენეს ნეიტრალურ, ან პოზიტიურ კონტექსტში. ხოლო საკრებულოებმა ასეთი 54 პოსტი გამოაქვეყნეს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები სხვა არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს არ ეხება.

განსხვავებული სურათი იყო 2019 წელს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ პერიოდში ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებში მმართველი პარტია მხოლოდ ერთმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მოიხსენია. რაც შეეხება საკრებულოებს, პარტიასთან დაკავშირებით 5 საკრებულოს გვერდის მიერ ჯამში მხოლოდ 13 პოსტი იყო გამოქვეყნებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მუნიციპალიტეტების ამგვარი აქტივობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის გამიჯვნის ვალდებულების პრინციპს და საჯარო რესურსების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.

Print