ახალი ამბები
ქუთაისში ფერადი ქოლგების აქცია-ფლეშმობი გაიმართა
FaceBook
დღეს, გიდებმა ქუთაისში აქცია-ფლეშმობი მოაწყვეს,  სახელწოდებით  "ქოლგებიანი გიდები - ჩვენ ვარსებობთ".

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, მუშაობის განახლებაა. ისინი სახელმწიფოსთან წარმომადგენელთან შეხვედრას და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ვაშაკიძის თქმით, საჭიროა სახელმწიფომ ოქროს შუალედი იპოვოს, რათა ვირუსმა არ მიაყენოს ზიანი მოსახლეობას და ტურიზმმაც იმუშაოს ქვეყანაში.

''ეს აქცია მშვიდობიანი და აპოლიტიკურია, ამ აქციით მსოფლიოს ვახსნებთ, რომ ჩვენ, გიდები ვარსებობთ, ამ მომენტში ჩვენ ვართ ისე, თითქოს ჟანგბადი გადაგვიკეტეს და აპარატზე შეგვაერთეს. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს,  დავსხდეთ ხელისუფლებასთან და ვისაუბროთ'', - ამბობს კომპანია Georgia by Tamar -ის დამფუძნებელი და გიდი თამარ ვაშაკიძე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიდი გიგა ფაღავა აღნიშნავს,  რომ გიდები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

''დანაზოგი რამდენიმე თვეში ამოიწურა, ყველა გიდი შემოსავლის გარეშე დავრჩით, სახელმწიფომ მალე უნდა გახსნას საზღვრები,  რათა ჩვენც მოგვეცეს მუშაობის საშუალება".

გიდების განმარტებით, ქოლგა გიდის სიმბოლოა, როგორც ზრუნვის გამოხატულება.

აქცია-ფლეშმობი ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქშიც გაიმართა.

საქართველოში, პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლა 21 მარტიდან შეწყდა, შესაბამისად, გაჩერდა ტურიზმიც. პირველი ივნისიდან განახლდა შიდა ტურისტული სეზონი, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ერთი თვით გადაიწია.

Print