ახალი ამბები
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
FaceBook
115 - 3-ის წინააღმდეგ - სარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებულია.

ცვლილების მიხედვით, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ისევ შერეული სისტემით, თუმცა, 77/73-ზე პროპორციის ნაცვლად, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატი და მხოლოდ 30 მაჟორიტარი ეყოლება. გარდა ამისა, დაწესდება 1%-იანი ბარიერი არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკებისთვის. პარტიას კი, რომელიც 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება არ შეეძლება.

ასევე, დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ახალი საარჩევნო სისტემით მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობაც. 73-ის ნაცვლად პარლამენტში 30 მაჟორიტარი იქნება. სამის ნაცვლად ერთი მაჟორიტარი ეყოლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისს. მთლიანად იმერეთში კი 9 ოლქიდან მხოლოდ 4 დარჩება.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, პარლამენტში მესამე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ ამოქმედდება.

Print