ახალი ამბები
ხარაგაულში ააიპ დასუფთავების უფროსი თანამშრომლებს ყანაში ამუშავებდა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ააიპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის" გაერთიანების უფროსი თანამშრომლებს ყანაში ამუშავებდა.

თემურ ფურცელაძე სამუშაო საათებში, მუნიპალიტეტის ტექნიკით ათ თანამშრომელს საოჯახო საქმეებსაც ავალებდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა გაავრცელა. ის ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ფურცელაძე თავის თანამშრომლებს სისტემატიურად ამუშავებდა.

"ეს ყველაფერი ხდებოდა ძალდატანებით. თავდაპირველად თემურ ფურცელაძე საკუთარ ყანაში ამუშავებდა, მერე გადავიდა ახლობლებზე. ვწუხდი მათ ამ მდგომარეობაზე და ამიტომაც გადავიღე კადრები და გავავრცელე. თვითონ ეს ადამიანები ხმამაღლა პრეტენზიას ვერ გამოთქვამდნენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ", - განმარტავს თორნიკე ავალიშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მერმა თემურ ფურცელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

"სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა", - ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print