ახალი ამბები
"ქუთაისი საფრთხეშია" - პროტესტი ნამოხვან ჰესის წინააღმდეგ
FaceBook
"ქუთაისი საფრთხეშია", არა ნამოხვან ჰესს," - ამ მოწოდებებით ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გაერთიანებული  აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ნამოხვანის ტერიტორიაზე 100 მეტრიანი კაშხლის სამშენებლო სამუშაოების განახლება გააპროტესტეს. მათი თქმით, ჰესი მეწყრულ ზონაში შენდება, რომლის დაზიანების შემთხვევაში ქუთაისს დატბორვის საფრთხე ემუქრება.

"ეს კონსტრუქცია მწყობრიდან რომ გამოვიდეს, ზუსტად 19 წუთში ქუთაისს დაარტყამს 35 მეტრიანი ტალღა. თუ ადრე საუბარი იყო ჰესის მიერ ეკოლოგიისთვის მიყენებულ ზიანზე, ახლა საუბარია ქუთაისის ყოფნა - არ ყოფნაზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა ხეცურიანმა.

"ნამოხვან ჰესი არის საშიში პროექტი და მისი მშენებლობა არის დანაშაული.  ხელისუფლებამ გვითხრას,  რის ფასად გვწირავს, რის ფასად წირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს?!ნმოვუწოდებთ ქუთაისელებს,  შეიგრძნონ ეს საფრთხე და აიმაღლონ ხმა", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩერონ ჰესის მშენებლობა.


რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“ აშენებს. ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

„თემთა ერთობის“ წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობის საფრთხეებთან დაკავშირებით.
Print