ახალი ამბები
20 ივნისის აქცია ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ერთი წლის შემდეგ  აქციით გაიხსენეს ქუთაისში.
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ე.წ. გავრილოვის ღამის მონაწილე პოლიციელების დასჯა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. ქუთაისში პროტესტს დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია.

მესხიშვილის თეატრთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის მიმდინარეობისას უცნობმა პირებმა მანქანის საყვირით ჩაიარეს, რასაც პარტიის მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა.



ისინი ავტომობილს დაედევნენ და მის გაჩერებას შეეცადნენ, თუმცა, ვერ მოახერხეს.

ადგილზე სამართალდამცავები არ იმყოფებოდნენ.

ინცინდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სამართალდამცავების განსაკუთრებული რაოდენობა იყო მობილიზებული ბოლო აქციაზე, რომელიც ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართა.




აქციაზე შეკრებილებმა პერფორმანსიც მოაწყვეს. აქციაზე სოციალური დისტანციის დასაცავად გამოყოფილ ადგილებზე პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები იყო მონიშნული. აქციის მონაწილეების თქმით, პუტინის ფოტოზე ფეხის დაბიჯებით მათ სიმბოლურად გააპროტესტეს რუსული ოკუპაცია.

2019 წლის 20 ივნისს , თბილისში პარლამენტთან შეკრებილები საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და სესიის რუსულ ენაზე წაყვანას აპროტესებდნენ.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს კი, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები მაშინდელი შინგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, გადადგომის ნაცვლად, გიორგი გახარია დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
Print