ახალი ამბები
ივანიშვილის ნათესავს, იმერეთში 14 მილიონზე მეტის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული
FaceBook
ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, მურმან ტოგონიძე, ტენდერებს უმთავრესად იმერეთში იგებს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშია ნათქვამია.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მურმან ტოგონიძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანაშვილის მულის ქმარია, 97 ტენდერიდან 69 აქვს მოგებული. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 14 998 590 ლარი შეადგინა. მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.

მურმან ტოგონიძე ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს "მშენინვესტი" კი, რომლის 100% წილს თავად ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს "მშენინვესტს" მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს "მშენინვესტის" მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

კვლევის სრული ვერსია ნახეთ აქ.
Print