ახალი ამბები
20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია ქუთაისშიც გაიმართება
FaceBook
ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე  ქუთაისში აქცია  გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ბალახვნის ასსაფეხურიან კიბესთან 19:00 საათზე ორმეტრიანი დისტანციის დაცვისა და პირბადეებით მოსვლისკენ მოუწოდებენ.


"ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.

1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა", - აცხადებენ ორგანიზატორები. 

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთავლეზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა.

აქციის მონაწილეები მაშინდელი  შინგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, გადადგომის ნაცვლად, გიორგი გახარია დააწინაურეს და პრემიერ- მინისტრად დანიშნეს. 


Print