ახალი ამბები
ტყიბულში კომპანიასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა
FaceBook
ტყიბულში დღეს გამართული აქცია კომპანიასა და მეშახტეებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ შეწყდა.
17 ივნისიდან ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები სამუშაო პროცესს განაახლებენ. მეშახტეებმა კომპანიისგან შახტში უსაფრთხოების ნორმების ეტაპობრივი გაუმჯობესების პირობა მიიღეს.

ტყიბულის შახტის მფლობელი კომპანია "Coal of Georgia"-ს დირექტორი, მიხეილ სოცკი მათ, ასევე, მიმდინარე თვის გაცდენილი საათის ანაზღაურებას დაჰპირდა. მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მეშახტეების ხელფასზე დამატების მოთხოვნას კი კომპანია არ დათანხმდა.

უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან ერთად, მეშახტეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მათ ხელფასებზე ასახვა იყო.

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები მუშაობა 10 ივნისს მუშაობა ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნებით შეწყვიტეს. მანამდე მეშახტეები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ. მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძიგურის შახტი მალე აღდგებოდა.

ამის შემდეგ, 9 მარტს,  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ტყიბულის შახტში 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას,  სწორედ  ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ  გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.

Print