ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები მუშაობას არ ანახლებენ - აქცია გრძელდება
FaceBook
ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის შახტში დასაქმებულები მუშაობის განახლებაზე ისევ უარს აცხადებენ.
ტყიბულის შახტის ამჟამინდელი მფლობელი კომპანია "Coal of Georgia"-სთან გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ისინი აქციას ტყიბულის მერიისთან მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - უსაფრთხო სამუშაო გარემო და მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მათ ხელფასებზე ასახვა.


მეშახტეების თქმით, კომპანია აღნიშნულ თანხას იმ მოტივით არ ურიცხავთ, რომ კორონავირუსის დროს შახტმა ფინანსური ზარალი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროსაც კი, ტყიბულის შახტში საწარმოო პროცესი არ შეწყვეტილა და მეშახტეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.

"იყვნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მოსულები რაღაც ოქმი შეადგინეს და მორჩა. თქვეს, რომ მუშაობის განახლებასთან ერთად შესაძლებელია სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რასაც არ ვეთანხმებით და მუშაობას არ ვიწყებთ. ასევე, ისევ გაურკვეველია 20%-იანი საშემოსავლოს დარიცხვის საკითხი. ამ იდეაში ყველანი ერთიანები ვართ და ვიწყებთ ისევ ბრძოლას", - ამბობს მინდელის შახტში დასაქმებული, ხვიჩა გაბუნია.

კომპანია "Coal of Georgia"-ს გენერალური დორექტორი მიხეილ სოცკი ამბობს, რომ ობიექტზე სრული ტექნიკური გადაიარაღება მოხდება, შახტებში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები მუშაობა 10 ივნისს შეწყვიტეს. მანამდე მეშახტეები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ. მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძიგურის შახტი მალე აღდგებოდა.

ამის შემდეგ, 9 მარტს,  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ტყიბულის შახტში 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას,  სწორედ  ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ  გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.

Print