ახალი ამბები
“მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვა არაპრიორიტეტულია“
FaceBook
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 20-მდე ორგანიზაცია და აქტივისტი საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილით მიმართავს და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, ამ ადამიანების უფლებები არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად და ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა სავალდებულო, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არც ერთი მიმართულებით მნიშვნელოვნად და ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია. ქვეყანაში დღემდე არ გატარებულა ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონვენციის რატიფიცირებიდან მოკლე ვადაშივე უნდა განხორციელებულიყო – მათ შორისაა, კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება და ამოქმედება, სოციალური მოდელის დანერგვა, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვება, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.

წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც წლიდან წლამდე ანალოგიური შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს და ვერ სრულდება, ნათლად გამოკვეთს საქართველოს მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის არაპრიორიტეტულობას. ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების შინაარსი დღემდე არ ასახავს სახელმწიფოს რეალურ მზაობას, გაატაროს რეფორმები და შეცვალოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში. ქმედუნარიანობის რეფორმაც კი, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდგომ საქართველოში ერთადერთ მასშტაბურ რეფორმას წარმოადგენს, არ არის იმპლემენტირებული და ამ დრომდე, უმეტესწილად, მხოლოდ ფურცელზე არსებობს", - ნათქვამია მიმართვაში.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით უნდა ჩამოაყალიბოს ერთიანი პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც ეფექტიანად უპასუხებს შშმ პირთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას.

Print