ახალი ამბები
იმერეთის მღვიმეები 15 ივნისიდან იხსნება
FaceBook
იმერეთში არსებული კარსტული მღვიმეების –  პრომეთესა და სათაფლიას დათვალიერება 15 ივნისიდან შეგეძლებათ.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დირექტორი, ჯუმბერ ლელაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მღვიმეების გასახსნელად ახალი რეგულაციების შესაბამისად ემზადებიან.

"შესაბამისი ტრენინგებიც გაიარეს თანამშრომლებმა. წელს, ალბათ, უფრო შიდა ტურისტებზე ვიქნებით ორიენტირებული. ჯერჯერობით,  პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა ჩამოკიდებული", - ამბობს ჯუმბერ ლელაძე.

პრომეთესა და სათაფლიას მღვიმე ვიზიტორებისთვის ღია 10:00- დან 19:00 საათამდე იქნება.


დაცული ტერიტორიების სააგენტო დამთვალიერებლებს შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში) პირბადის გაკეთებას ურჩევს. ვიზიტორთა ცენტრში ერთდროულად მხოლოდ 5 ვიზიტორი დაიშვება. მათ შორის დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრი. სააგენტო ვიზიტორებს ურჩევს თანხა უკონტაქტო გზით (ბარათით) გადაიხადონ ან ბილეთები დისტანციურად შეიძინონ.

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისას ზოგადი რეკომენდაციებია:

▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
▪გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.


ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
Print