ახალი ამბები
რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხანა უნდა აშენდეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის სამუშოები აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს, პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადგილზე  ქუთაისიპოსტის მისვლის მომენტში არავინ იმყოფებოდა.

საუბარია ავტოქარხნის ყოფილ აეროპორტზე, სადაც 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია "აი გრუპს" ქარხნის ასაშენებლად 2019 წელს  გადაეცა. იმავე წელს დაანონსდა  ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობა, თუმცა,  ერთი წლის შემდეგაც,  ტერიტორიის შემოკავების და  პატარა ნაგებობის ჩადგმის გარდა, არაფერი გაკეთებულა.



კომპანიაში განმარტავენ, რომ  ქარხნის მშენებლობა  პანდემიის  გამო შეფერხდა.  "აი გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდმარე, კახა გულედანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ვერც სამუშაოების დაწყების დროს აკონკრეტებს და ვარაუდობს, რომ პროცესის დაწყების თარიღი გადაიწევს.


"იმედს ვიტოვებთ, არსებული ვითარება უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ, დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ ის, რომ არ დავიშურებთ რესურსებსა და ენერგიას, რათა საქართველოში დაიწყოს დაპირებული წარმოება და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილი", - განმარტავს კახა გულედანი.


ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია "აი გრუპს",  1000 ჰა  მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2019 წელს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, "ბიგ სერვისმა" იგივე "აი გრიპუმა", ქონება მიმდინარე წლის 27 მაისს გადაიფორმა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწის ნაკვეთთან ერთად მას უსასყიდლოდ გადაეცა 20-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, ნანგრევები. კომპანიისთვის გადაცემულ ქონებაში შედის აეროპორტის ასაფრენი ზოლიც.

ქუთაისიპოსტმა "ბიგ სერვისისთვის" ყოფილი აეროპორტის ტერიტორიის გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაც მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ მხოლოდ საპრივატიზაციო თანხა უნდა გადაიხადოს, რაც ჯამში 99 000 ლარს შეადგენს.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელმა ადგილზე ორი წლის ვადაში უნდა ააშენოს საწარმო, რომელიც გათვლილი იქნება სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაასაქმოს 300 ადამიანი.
Print