ახალი ამბები
რა შემთხვევაში განაახლებენ მუშაობას ტყიბულელი მეშახტეები
FaceBook
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტში დასაქმებულების პროტესტი გრძელდება.

მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს, თუმცა, შახტში ჩასვლაზე ისევ უარს ამბობენ და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს
საექსპერტო ჯგუფის დასკვნას ელოდებიან.

მეშახტეების თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები შახტის უსაფრთხოებას უკვე იკვლევენ, შედეგებს კი 16 ივნისს დადებენ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. კვლავ გაურკვეველია საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათის დარიცხვის საკითხი.

"შახტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნის დადებამდე, მუშაობას არ განვაახლებთ, რაც შეეხება საშემოსავლოს 20% -ის ხელფასებზე დარიცვხვას, ეს საკითხი ისევ გაურკვეველია", - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე ზაქრო ილურიძე.

საშემოსავლო გადასახადზე მთავრობის მიერ  დაწესებული შეღავათის ხელფასზე დარიცხვა, მეშახტეების ერთ-ერთი მოთხოვნაა. მათი თქმით,  კომპანია აღნიშნულ თანხას იმ მოტივით არ ურიცხავთ, რომ კორონავირუსის დროს შახტმა ფინანსური ზარალი განიცადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროსაც კი,  ტყიბულის შახტში საწარმოო პროცესი არ შეწყვეტილა და მეშახტეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.

მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის მიღება, მეშახტეებმა, 10 ივნისს გამართული აქციის  შემდეგ, კომპანიის დირექტორთან, მიხეილ სოცკისთან შეხვედრაზეც მოითხოვეს, თუმცა, სამსაათიანი მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. მეშახტეებმა მხოლოდ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჯგუფის ადგილზე ჩასვლის დაპირება მიიღეს.

ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები 10 ივნისს გაიფიცნენ.

Print