ახალი ამბები
გოგი წულაიამ პოლიციის განყოფილების შენობას ცერცვი შეაყარა
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის პოლიციის მეორე განყოფილების შენობას ცერცვი შეაყარა.

მან ამ ფორმით, კორონავირუსის პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმება  გააპროტესტა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მას მოქალაქეების არ ესმის.

"მერიის აივანზე იდგა რვა თანამშრომელი ყოველგვარი დისტანციისა და პირბადის გარეშე, იმ დროს, როცა სამ კაცზე მეტის ყოფნა არ შეიძლებოდა. მაშინ მე ეს ფაქტი გადავიღე, მივმართე პატრულს და სწორედ ამ განყოფილებაში დაიწყეს საქმის მოკვლევა. გამომკითხეს, დავწერე განცხადება და ამ დრომდე ველოდები პასუხს. მე ხომ ვიცი, რომ არ დააჯარიმებენ, ამიტომ ვამბობ რომ, ამორალურია ეს საქციელი. მეც დაჯარიმებული ვარ, მაგრამ არ გადავიხდი. მალე მოუწევს ამ ხელისუფლებას წასვლა და ყველას ჩამოეწერება ეს ჯარიმები", - განაცხადა წულაიამ.

საქართველოს მთავრობის ხუთ ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში, კანონი 8 737-მა პირმა დაარღვია. სულ, გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის 26 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი. დაჯარიმებულებიდან 8 716 ფიზიკური, ხოლო 21 იურიდიული პირია.

Print