ახალი ამბები
ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან
FaceBook
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტში დასაქმებულები, მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

მეშახტეების თქმით, შახტში მანამდე არ ჩავლენ, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იქ არსებულ მდგომარეობას არ შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას არ დადებენ. შახტში დასაქმებულები შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ.

"22 ადამიანი კინაღამ დაგვეღუპა ორი დღის წინ. ღამის 11 საათზე უნდა ამოსულიყვნენ და დილის საათებში ძლივს ამოვიყვანეთ შახტიდან. მოვლენ დღეს და დაველოდებით რას გადაწყვეტენ, სხვანაირად მუშაობას არ განვაახლებთ", - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე ირაკლი ჩიხლაძე.

უსაფრთხო პირობების გარდა, მეშახტეების მთავარი მოთხოვნა, პანდემიის გამო, საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული 20%-იანი შეღავათის მათ ხელფასებზე დამატებაა.

მეშახტეები აცხადებენ, რომ კომპანია მათ აღნიშნულ თანხას იმ მოტივით არ ურიცხავს, რომ კორონავირუსის დროს შახტმა ფინანსური ზარალი განიცადა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  პანდემიის დროს დაწესებული მკაცრი შეზღდვების დროსაც კი,  ტყიბულის შახტში საწარმოო პროცესი არ შეწყვეტილა და მეშახტეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.

მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის მიღება, მეშახტეებმა, 10 ივნისს გამართული აქციის  შემდეგ, კომპანიის დირექტორთან, მიხეილ სოცკისთან შეხვედრაზეც მოითხოვეს, თუმცა, სამსაათიანი მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა. მეშახტეებმა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფის ადგილზე ჩასვლის დაპირება მიიღეს. რაც შეეხება მათ მთავარ მოთხოვნას, საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია.

"გვითხრეს, ამ საკითხზე  წერილობით მოგვმართეთო", - ამბობს ირაკლი ჩიხლაძე.

ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები 10 ივნისს გაიფიცნენ.
Print