ახალი ამბები
გაფიცული მეშახტეები კომპანიის ხელმძღვანელს ხვდებიან
FaceBook
ორ საათზე მეტია ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მმართველი კომპანიის ხელმძღვანელს, მიხეილ სოცკს ხვდებიან. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი, მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის - 20%-ის მათ ხელფასებზე დამატებაა, რაც მეშახტეების თქმით, კომპანიამ იმ მოტივით არ დაურიცხათ, რომ კორონავირუსის გამო შახტებმა ზარალი მიიღეს.

"კაპიკებად ვმუშაობთ ისედაც 400 მეტრი მიწის ქვეშ და ადმინისტრაცია გვეუბნება, კომპანიას უნდა მოვახმაროთო ეგ თანხა, რადგან კორონავირუსის დროს დავზარალდითო", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ძიძიგურის შახტში დასაქმებული, ზაქრო ილურიძე.

გაფიცული მეშახტეები შახტებში შრომის უსაფრთხოების დარღვეულ ნორმებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომპანია მათ უსაფრთხო შრომას ვერ უზურნველყოფს.

"რემონტი ესაჭიროება შახტს. წუხელ, 22 ადამიანი კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა. ლიფტში გაიჭედნენ და ვერ ამოგვყავდა. ამასაც ვაპროტესტებდით, მაგრამ საშველი არ დაადგა", - ამბობენ მეშახტეები.

ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები დღეს, 10 ივნისს გაიფიცნენ. მათი თქმით, ვიდრე კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს, მუშაობას არ განაახლებენ.


Print