ახალი ამბები
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ.

გაფიცულებმა შახტის ადმინისტრაციას ორი პირობა წაუყენეს - უსაფრთხო სამუშაო გარემო და მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის მათ ხელფასებზე ასახვა. მეშახტეები ამბობენ, რომ საშეღავათო 20% კომპანიამ თანამშრომლებს  არ დაურიცხა.

"კაპიკებად ვმუშაობთ ისედაც, 400 მეტრი მიწის ქვეშ და ადმინისტრაცია გვეუბნება კომპანიას უნდა მოვახმაროთო ეგ თანხა, რადგან კორონავირუსის დროს დავზარალდითო", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ძიძიგურის შახტში დასაქმებული, ზაქრო ილურიძე.

მისი თქმით, ობიექტზე მუშაობა ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება. ახალმა ადმინისტრაციამ კი უსაფრთხო სამუშაო გარემო ვერ უზრუნველყო.

"რემონტი ესაჭიროება შახტს. წუხელ 22 ადამიანი კინაღამ სიცოცხლეს გამოესალმა. ე.წ. კალათაში გაიჭედნენ და ვერ ამოგვყავდა. ამასაც ვაპროტესტებდით, მაგრამ საშველი არ დაადგა".

კომპანია "Coal of Georgia"-ს გენერალური დორექტორი, მიხეილ სოცკი მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას არ უკავშირებს და ამბობს, რომ მეშახტეებმა თავად დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. მისი თქმით, თანამშრომლებმა შახტიდან ამოსვლა საათნახევარით ადრე გადაწყვიტეს და ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებიათ.

მიხეილ სოცკი ამბობს, რომ ობიექტზე სრული ტექნიკური გადაიარაღება მოხდება, შახტებში არსებულ ვითარებას კი ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები ბოლოს მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე, მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ, ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ. მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძიგურის შახტი მალე აღდგებოდა.

ამის შემდეგ, 9 მარტს,  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ტყიბულის შახტში 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას,  სწორედ  ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ  გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.
Print