ახალი ამბები
ქუთაისში 1 904-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა კომპენსაცია ვერ მიიღო
FaceBook
ქუთაისში ათასზე მეტი ოჯახი მთავრობის კომპენსაციის გარეშე დარჩა.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაწესებული დახმარება 1 904-მა ოჯახმა ვერ მიიღო. 

სოციალური მომსახურების სააგენტოში ქუთაისიპოსტს უთხრეს, რომ პროგრამაში მხოლოდ 1 766 ოჯახი მოხვდა. სააგენტოს იმერეთის ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ თანხა იმ ოჯახებმა მიიღეს, ვინც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილა.

"ამ 1766 ოჯახიდან 1412 არის ისეთი ოჯახი, რომელიც მანამდე არ იღებდა დახმარებას და მიცათ კომპენსაცია მაისიდან. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც 65 000-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ. ასევე, 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი სამი ან მეტი ბავშვი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და 18 წლამდე შშმ ბავშვებს", - ამბობს ნინო ჭიღლაძე.

დახმარების გარეშე დარჩა სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში თვითნებურად შესახლებული 10 ოჯახიც. შენობასთან რვა ივნისს გამართულ აქციაზე, მათ ხელისუფლება დისკრიმინაციულ მიდგომაში დაადანაშაულეს და დახმარების მიღება მოითხოვეს.

"კომპენსაციის გარეშე დავრჩით. არც კომუნალურებზე დაწესებული შეღავათები შეგვეხო, რადგან საერთო მრიცხველი გვაქვს და არ შეიძლებაო. 75 000-ზე ზემოთ სოციალური ქულა ვისაც აქვს, მხოლოდ იმათ ეკუთვნითო. ჩვენთვის არც პანდემიის დროს და არც მანამდე საშველი არ ყოფილა", - განაცხადა შენობაში მცხოვრებმა ნინო მხეცაძემ.

ქუთაისში, ვერც სტანდარტულ სოციალურ დახმარებას იღებს ყველა გაჭირვებული ოჯახი. სააგენტოს ინფორმაციით, ბაზაში სულ 6 586 ოჯახია დარეგისტრირებული, თუმცა, მათგან  შემწეობას მხოლოდ 2 467  იღებს.


ამავე თემაზე:

"კომპენსაციის გარეშე დავრჩით " - სოციალურად დაუცველების პროტესტი ქუთაისში
Print