ახალი ამბები
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდებით
FaceBook
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ, კანონპროექტის შეცვლილი ვერსია დარეგისტრირდა.
ცვლილება, რომლის ავტორიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეა, ამ წესის დარღვევისთვის პირის არა 50 ლარით, არამედ, 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.  

"ჯარიმა არ უნდა იყოს არც ისეთი დიდი, რომ ტვირთად დააწვეს მოქალაქეებს და არც ისე, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინიციატივას დაეთანხმა კანონპროექტის ავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით,  საჭიროა რაციონალური სანქციების შემოღება, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, არამედ,  საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რათა მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება",- განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე დარეგისტრირდა. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს და ის, შესაძლოა, მიმდინარე კვირაშიც მიიღონ.

კანონპროექტის ავტორი ანრი ოხანაშვილი თავდაპირველად ამბობდა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებოდნენ.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ ქუთაისში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმაზე (ვიდეო)




Print