ახალი ამბები
სტუდენტები ქუთაისში გამოცდების მობილურით ჩაბარების უფლებას ითხოვენ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოცდების ტელეფონის საშუალებით ჩაბარების მოთხოვნით აქცია გამართეს.

მათი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებას არ აძლევთ, რომ  საგამოცდო ტესტები მობილურის დახმარებით შეავსონ. სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება უთანასწორო პირობებს ქმნის იმ სტუდენტებისთვის,  ვისაც კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ.

"სტუდენტების 40%-ს, ვისაც კომპიუტერი არ აქვს,  სთავაზობენ გამოცდების ჩასაბარებლად  უნივერსიტეტში მივიდნენ, სადაც კონდიციონერები არ იქნება და "საუნის" პირობებში მოგვიწევს გამოცდაზე ჯდომა. თან, პირბადეებიც უნდა გვეკეთოს", - ამბობს საჯარო მმართველობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი, შოთა სურმავა.

იმ სტუდენტებს, რომლებსაც კომპიუტერთან წვდომა არ აქვთ, დაწესებულების ადმინისტრაცია გამოსავლის სახით უნივერსიტეტის შენობაში სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, რომელიც კომპიუტერებითაა აღჭურვილი.

უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის თქმით, ასეთი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის კარი ღია ხუთი ივლისიდან იქნება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების ჩასაბარებლად  უნივერსიტეტში არსებული ტექნიკური რესურსი გამოიყენონ. სურვილის შემთხვევაში კი საგამოცდო დავალების ფურცელზე დაწერაც შეუძლიათ.

"გამოცდებს ლექტორები კომპიუტერის ე.წ.  "თვალის" საშუალებით იბარებენ.  გამოცდის მიმდინარეობისას სტუდენტებს არ ექნებათ საშუალება გამოიყენონ google, excel, word და არც copy-paste. როდესაც შუალედური გამოცდები ჩავატარეთ, ბევრი ხარვეზი გამოჩნდა. მაგალითად, პლაგიატის პრობლემა და აქედან გამომდინარე,  ცოდნის გამოვლენას ვერ ვუზრუნველყოფთ ამ ტელეფონებით", - განმარტავს შალვა კირთაძე.

აწსუ-ში დისტანციური გამოცდები 24 მაისს დაიწყო. ფინალური გამოცდები 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო განმეორებითი გამოცდები ოთხი ივნისიდან.

Print