ახალი ამბები
რკინიგზა მუშაობის აღსადგენად ემზადება - რა სიახლეებით მოგიწევთ მგზავრობა
FaceBook
"საქართველოს რკინიგზა" მუშაობის განახლებისთვის ემზადება, თუმცა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტულ თარიღს ჯერ ისევ ვერ ასახელებენ და მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა კაჭარავს თქმით, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის მზად არიან, რაც ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობს. მგზავრებისთვის აუცილებელი მოთხოვნა პირბადის ტარებაა. მგზავრობის განმავლობაში, მათ პირბადის მოხსნის უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებულია მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია.

კერძოდ, ვაგონის შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ დეზობარიერი უნდა გაიარონ და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ. ხელის დისპანსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

"მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი,  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. კორონავირუსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში  "საქართველოს რკინიგზაც" იყო  ჩართული. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ სეზონისთვის", - ამბობს ნიკა კაჭარავა.

29 მაისიდან საქართველოში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, გარდა მატარებლით მგზავრობისა. მიკროავტობუსებით საქალაქთაშორისო მგზავრობა კი 8 ივნისიდან განახლდება. კორონავირუსის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა. მატარებლით მგზავრთა გადაყვანა მთავრობამ 31 მარტს შეაჩერა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-ით 809 ადამიანია ინფიცირებული.

Print