ახალი ამბები
ისტორიულ კედელთან, რომელშიც კარი გამოჭრეს, კაფე შენდება
FaceBook

ქუთაისში, ე.წ მონპლაზირის ტერიტორიაზე ისტორიულ კედელთან კაფე შენდება.

ქუთაისიპოსტმა გაარკვია, რომ მშენებლობაზე ნებართვა გაცემული აქვს როგორც ქუთაისის მერიას, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, კაფეს მშენებლობაზე მერიის ააიპ "არქიტექტურის სამსახური" იმ პირობით აცხადებს თანხმობას, თუ ადგილზე თემატური კაფე მოეწყობა, თუმცა, რა იგულისხმება ამაში, დოკუმენტში განმარტებული არ არის.

"ჩვენი პოზიცია საპროექტო მონაკვეთში, ესკიზში წარმოდგენილი ფუნქციის მქონე ობიექტის გაჩენის თაობაზე მისაღები იქნება,  თუკი შენობაში განთავსდება თემატური კაფე'' - ნათქვმია დოკუმენტში.




რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მის მიერ  2020 წლის 30 იანვარს გაცემულ ნებართვაში, კაფე საერთოდ არ არის ნახსენები. დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ავტოსადგომის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

"ქალაქ ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქ. Nო7-ში, მოქალაქე ლიანა ზვიადაძის საკუთრებაში არსებული
ავტოსადგომის (ს.კ. Nო 03.03.21.299.01/500, შენობა Nო 3) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები
ჩრდილოეთის მხრიდან მოსაზღვრე კედელში შესასვლელი ღიობის მოწყობა".



რისი  მოწყობა იგეგმება ისტორიულ კედელთან, ამაზე არ საუბრობს ავტოფარეხის მეპატრონე.

"არაფერი არ შენდება. არაფერი არ იგეგმება. იქნება მხოლოდ ეს კარი, წინ არ გამოვწევთ არაფერს. რემონტს დავიწყებთ ახლა, გავალამაზებთ. ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან. ზუსტად იმ ზომებშია, რაზეც მოგვცეს ნებართვა. აბა ისე ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას",-ამბობს ნინო ზვიადაძე.

კითხვებზე არ გვპასუხობენ არც ქუთაისის მერიაში. 

მონპლაზირის ტერიტორიაზე, ვიდრე 9 აპრილის მემორიალს დადგამდნენ, წლების განმავლობაში მოქალაქეები სანთლებს აღნიშნულ კედელზე ამაგრებდნენ. მოგვიანებით იქ მემორიალი დაიდგა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ცენტრალურ ბაღში გადაიტანეს. კედელზე კი პროექტის "მოხატე ქალაქი დედაენით''ფარგლებში სტენსილი განთავსდა.


 

Print