ახალი ამბები
„მთავარი მოთხოვნა იქნება პირბადე“ - რა პროცედურების გავლა მოგიწევთ აეროპორტში
FaceBook
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, საქართველოს ცა პირველი ივლისიდან გაიხსნება, თუმცა, მგზავრებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.
აეროპორტებში მიმდინარე სამზადისსა და აუცილებელ პროცედურებზე, რომლებიც მგზავრებმა უნდა გაიარონ, თამარ არჩუაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტის დროს გააკეთა.

"ხდება აეროპორტის დასტიკერება, მონტაჟდება თერმოსკანერები, მიდის პროცესების გადალაგება ისე,  რომ მგზავრებს შეეძლოთ უსაფრთხოდ და დისტანციის დაცვით ფრენა მათთვის სასურველ ქვეყანაში. მთავარი მოთხოვნა იქნება ჰქონდეთ პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცხე დაუფიქსირდებათ, მოუწევთ დამატებითი პროცედურების გავლა. ხოლო, თუ არ აღმოაჩნდებათ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შეეძლებათ გამგზავრება" - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. აეროპორტი, ტერმინალის გაფართოების შემდეგ, ერთდროულად 1 200 მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რაც ოთხჯერ აღემატება აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას. უკვე მოეწყო და გამწვანდა აეროპორტის ტერასა, დასრულდა გადახურვისა და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. უახლოეს პერიოდში კი ახალი ტერმინალის შიდა რემონტი დაიწყება.



სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა. ტერმინალი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიხსნება. ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანება კი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

Print