ახალი ამბები
მერიას ბალახვნის კიბის პროექტი საჯარო განხილვაზე ტენდერის ჩაშლის შემდეგ გააქვს
FaceBook
ქუთაისის მერია ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის პროექტის საჯარო განხილვას საზოგადოებას  მას შემდეგ სთავაზობს, რაც სამუშაოების შესრულებაზე ტენდერიც გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინიციატივა მხოლოდ მაშინ გაააჟღერა, რაც კიბის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი ტექნიკური ხარვეზის მიზეზით თავად ჩაშალა.
მერიაში ამბობენ, რომ საბოლოო ვერსიაში საზოგადოების მოსაზრებები და შენიშვნები იქნება გათვალისწინებული.

"ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი ქუთაისის ისტორიის ნაწილიცაა უკვე. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერიამ საჭიროდ მიიჩნია, "ასსაფეხურიანი კიბის" რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად იყოს ჩართული მოსახლეობა", - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი მიმდინარე წლის სამ აპრილს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 306 ლარი იყო. ელექტრონულ შესყიდვაში ორი პრეტენდენტი - ინდ.მეწარმე ბესიკ ივანაშვილი და შპს "ლამოდერნა" მონაწილეობდა. ბესიკ ივანაშვილი საჩხერეში მცხოვრები მეწარმეა და მან ტენდერში "ლამოდერნაზე" დაბალი ფასი დააფიქისრა, შესაბამისად, იგი გამარჯვების რეალური კანდიდატი იყო, თუმცა, მედიაში მისი "ქართულ ოცნებასთან" შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მერიამ გამარჯვებულად  უფრო მაღალი ფასის მქონე კომპანია დაასახელა. ამაზე საუბრობდა ოპოზიციაც და აცხადებდა, რომ მმართველი გუნდი ბესიკ ივანაშვილს მფარველობდა, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის მეზობელია სოფელ ჭორვილაში. ამის შემდეგ, მერიამ ტენდერი ჩაშალა. ოფიციალური ინფორმაციით, ტენდერი ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა, თუმცა, მერიას ამაზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

ტენდერის ჩაშლის ზუსტი მიზეზი არც შპს "ლამოდერნას" ხელმძღვანელმა იცის.

"მხოლოდ ის გვითხრეს, რომ უკეთესი პროექტი უნდა შედგესო. თუ მომდევნო პროექტის ხარჯთაღრიცხვა მოგვცემს შესაძლებლობას, ისევ მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს დათო ხურციძე. 

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ასსაფეხურიანი კიბის ირგვლივ  განვითარებული პროცესები, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშოაბს "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

"ჯერ რამდენი წელი მოუნდნენ ბალახვნის კიბის პროექტირებას და ახლა გაახსენდათ რომ საჯარო განხილვები უნდა მოაწყონ? გვპირდებიან, გვპირდებიან და თავს ვერ აბამენ ვერაფერს.  ამის ნათელი მაგალითი მათ მიერ რეაბილიტირებული თეთრი ხიდიცაა", - ამბობს გიგა შუშანია.


ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიის 2018 წელს გაცემული დაპირება იყო. 



ამავე თემაზე:

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბენახეთ აქ
Print