ახალი ამბები
"დამღლელი და ხარჯიანია"-ოფისების მუშაობა პანდემიით გამოწვეული რეგულაციებით
FaceBook
ქუთაისში მომსახურების ცენტრებმა და ოფისებმა ორთვიანი პაუზის  შემდეგ მუშაობა განაახლეს. მათ  მომხმარებლისთვის მომსახურება ახალ რეალობაში, პანდემიით გამოწვეული რიგი წესების დაცვით   და გაზრდილი ხარჯით უწევთ.
"დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია"; პირაბადის გარეშე შემოსვლა აკრძალულია";  " ხელები დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით", - ასეთ  წარწერებს, ქალაქში,  თითქმის,  ყველა საოფისე დაწესებულების შესასვლელთან ნახავთ .



ქალაქის  ცენტრალურ ნაწილში მდებარე აუდიო-ვიდეო კომპიუტერული მომსახურების ცენტრი  წლებია მუშაობს, თუმცა, ამბობენ, რომ ოფისში ასე დისკომფორტულად თავი არასოდეს  უგრძვნიათ.

"ყურები გვატკინა პირბადემ, მთელი რიგი პროცედურები გვაქვს გასავლელი, მომხმარებელთან  მომსახურების შემდეგ ხელები  უნდა დავიმუშაოთ, ეს არის ძალიან დამღლელი პროცესი", - ამბობს სერვისცენტრის წარმომადგენელი პაატა მესხაძე.
პანდემიამდე ცენტრში ოთხი ადამიანი მუშაობდა, თუმცა, სავალდებულო დისტანციის დაცვის გამო,  ერთი თანამშრომლის გაშვება მოუწიათ.

"გარდა დამღლელი პროცედურებისა, რეგულაციების დაცვა ითხოვს გარკვეულ ფინანსურ რესურსს, მაგალითად, 250 მილიგრამიან ხელის სადეზინფექციო ხსნარში 8 ლარი გადავიხადე, რომელიც მალე გამოილევა, დეზობარიერი დამიწუნეს და მეორე ვიყიდე, ეს ყველაფერი ხომ ხარჯია? მითუმეტეს მაშინ,  როცა მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული".

მომხმარებლის სიმცირესა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობენ საკანცელარიო მაღაზია "სამყაროში". მაღაზიის ხელმძღვანელი ვაჟა ყურაშვილი გვეუბნება, რომ მართალია მუშაობა ორთვიანი შეზღუდვის შემდეგ გაანახლეს, თუმცა, ოფისში მხოლოდ  სამი თანამშრომელია.

"სამი ადამიანი ვმუშაობთ,  ყველას გვიკეთია პირაბდე და ცხადია,  მომხარებელსაც უნდა ეკეთოს. პრინციპში, ამის შეხსენება არც გვჭირდება, მაგრამ ერთდროულად სამზე მეტ მომხმარებელს მაინც არ ვუშვებთ, რათა დისტანცია დავიცვათ", - ამბობს ვაჟა ყურაშვილი.

ჯერ მუშაობა არ განუახლებია  სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მდებარე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების სერვისცენტრს. დაწესებულების უფროსი, გიორგი ქავთარაძე გვიხსნის, რომ  ორთვიანი იძულებითი "დასვენების" შემდეგ ლაგდება და ახლა უნდა შეიძინოს სადეზინფექციო საშუალებები.

"ჯერ  არ ვიცი რა შეიცვალა, მე დღეს მოვედი პირველად ოფისში, მაგრამ ყველა წესი, ცხადია, უნდა დავიცვა".

პანდემიის გამო, საქართველოში მომსახურების ცენტრები ორი თვე იყო დაკეტილი. მათ მუშაობის უფლება პირველი ივნისიდან მიეცათ, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,   ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს დეზობარიერი, ხელის  დასამუშავებელი ხსნარი. ადამიანებს შორის დისტანცია კი უნდა შეადგენდეს ორ მეტრს.

Print