ახალი ამბები
"მთავრობა მოზარდებს ქუჩის გარდა სხვა არჩევანს არ უტოვებს" -"ლელო"
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ლელო" ქუთაისის #94 სპორტულ სკოლაში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებს და ხელისუფლებას ახალგაზრდული საკითხების მიმართ გულრგილობაში ადანაშაულებს.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  ქვეყანა ფორმალურად ებრძვის აზარტულ თამაშებსა და ნარკოპოლიტიკას, რეალურად კი თავიანთი ქმედებებით ახალგაზრდებს ქუჩისკენ უბიძგებს.

"იმ რეალობით, რომელიც სპორტულ სკოლაშია შექმნილი და სადაც 400-მდე ბავშვი ვარჯიშობს, მთავრობა მათ ეუბნება "ფეხებზე მკიდიხართ". ქუთაისში ხელისუფლება ახალგაზრდებს სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა ქუჩაში ყოფნისა",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. იგი ხელისუფლებას მოუწოდებს ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გაითვალისწინოს და ახალგაზრდებს ღირსეულად ვარჯიშის შესაძლებლობა მისცეს.

სპორტულ სკოლაში, სადაც საფეხბურთო კლუბ "მართვეს" 18 წლამდე ასაკის 400 მოზარდი ვარჯიშობს, დახეულია მეკარის ბადე, გაუთიბავია ბალახი, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა.

დახეული ბადე , სადაც 400-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს

სპორტული სკოლის ადმინისტრაციულ შენობა

ააიპ სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულებაში არ უარყოფენ, რომ მსგავსი  სიტუაცია ქუთაისში არსებულ ყველა სპორტულ სკოლაშია, თუმცა, გაერთიანების მმართველის, კობა ფხაკაძის თქმით, ექვსი სკოლის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს მოხდება. როდის დაიწყება #94 სპორტს სკოლის რეკონსტრუქცია, დაწესებულებაში ვერ ამბობენ.

"ეტაპობრივად გაგრძელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მათ შორის, იქნება საფეხბურთო კლუბი "მართვეც". ოთხ სკოლაში უკვე მიმდინარეობს რემონტი", - ამბობს კობა ფხაკაძე.

სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში მოზარდებს ვარჯიში სპორტის 43 სახეობაში შეუძლიათ. დაწესებულება ქუთაისის ბიუჯეტიდან 4 200 000 ლარით ფინანსდება.


Print