ახალი ამბები
300 ლარიანი დახმარების მისაღებად იმერეთში 9000-ზე მეტი თვითდასაქმებული დარეგისტრირდა
FaceBook
სახელმწიფოს მიერ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, იმერეთიდან 9261 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
ქუთაისში კი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაცია 6924-მა ადამაინმა გაიარა. ჯამში, კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ზარალის კომპენსაციას 112 387 ადამიანი ითხოვს. მონაცემები საბოლოო არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300 ლარიან დახმარებას მიიღებს. კომპენსაციების საერთო რაოდენობა 15 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება 200 ლარიან კომპენსაციას, რომელიც დასაქმებულებს ექვსი თვის განმავლობაში დაერიცხებათ, სახელმწიფოს ამ დახმარების მიმღები 72 175 პირი ჰყავს იდენტიფიცირებული,  რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებზე უკვე დაწყებულია. სამთავრობო გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულები ორ კატეგორიად იყოფიან: ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები და ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში არ არიან რეგისტრირებული. პირველი კატეგორიის პირები სახელმწიფოსგან 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას ავტომატურად მიიღებენ და მათ შემთხვევაში მხოლოდ ანგარიშის ნომრის წარდგენაა საკმარისი. რაც შეეხება არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს, მათგან სახელმწიფო ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას ითხოვს. ამასთანავე, თვითდასაქმებულებმა მთავრობის პორტალზე www.moh.gov.ge პერსონალური მონაცემები უნდა წარადგინონ. მეორე კატეგორიის თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების გაცემის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს.

Print