ახალი ამბები
ომბუდსმენი: სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესი
FaceBook

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია  განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი პანდემიის პირობებში  ბავშვთა სიღარიბისა და  მათ მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს.

"ახალი კორონა ვირუსის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ",-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდეს რეგიონებში  მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლებაზე.


Print