ახალი ამბები
დღეიდან ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა
FaceBook
29 მაისიდან ქუთაისში სრულად აღდგა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა.

ქალაქში უცვლელი გრაფიკით გადაადგილდებიან როგორც ავტობუსები, ასევე, მიკროავტობუსები, თუმცა, მოქმედებს შეზღუდვები. ტრანსპორტში აკრძალულია სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგილება. ასევე, აკრძალულია ფეხზე დგომა. ახალი რეგულაციების კონტროლს თავად მძღოლები ახორციელებენ.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" ამბობენ, რომ ტრანსპორტი უცვლელი გრაფიკით და სვლაგეზით იმოძრავებს.

კორონავირუსის გამო, ქუთაისში, ისვე, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 28 მარტიდან აიკრძალა. მოქალაქეები ქალაქებსა და რაიონებს შორის გადაადგილებას 8 ივნისიდან შეძლებენ.



ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576.  12 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
Print
თეგები: #ტრანსპორტი