ახალი ამბები
„ჯერ არ გაჩენილი ხუთი თვის შვილიშვილი შეეწირა ჩვენს გაჭირვებას“ - რა მოხდა ხარაგაულში
FaceBook
პაქსაშვილების ოჯახი "ქუთაისიპოსტის" ადგილზე ჩასვლის შემდეგ უსაფრთხო ალტერნატიულ ფართში გადაიყვანეს.

ხარაგაულში, სოციალურად დაუცველ პაქსაშვილების ავარიულ სახლში იატაკი ჩავარდა, ინციდენტის შედეგად, ოჯახში მყოფმა 5 თვის ფეხმძიმე ქალბატონმა ბავშვი დაკარგა.

შემთხვევა ხარაგაულში ერთი კვირის წინ მოხდა.

აღნიშნული ინციდენტის გარდა, ამავე ოჯახის ავარიულ იატაკში ერთი თვის წინ, 8 წლის მცირეწლოვანი ჩავარადა.
"სიკვდილს გადამირჩა რძალიც და შვილიშვილიც, თუმცა ჯერ არ გაჩენილი ხუთი თვის შვილიშვილი კი შეეწირა ჩვენს გაჭირვებას, ვითხოვ დროულ დახმარებას, რადგან ამ სახლში ყველა წუთი სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის," - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სოციალურად დაუცველი ელენე პაქსაშვილი.

სოციალურად დაუცველი პაქსაშვილების საცხოვრებელი სახლი, სადაც ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, დანგრევის საშიშროების წინაშე წლების მანძილზეა.

თუმცა ერთი კვირის წინ, ხარაგაულში მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლი სრულად ამორტიზებული გახადა.
სოციალურად დაუცველებმა დახმარებისთვის ადგილბრივ ხელისუფლებას პირველივე ინციდენტისთანავე მიმართეს.

ქუთაისიპოსტი პაქსაშვილების ოჯახის მდგომარეობას ადგილზე გუშინ გაეცნო, რომლის შემდეგაც პასუხის მისაღებად გამგეობას მიმართა. აღნიშნული მიმართვიდან ნახევარ საათში გამგეობის წარმომადგენელი დაუკავშირდა "ქუთაისიპოსტს," რომელმაც განმარტა, რომ პაქსაშვილების ოჯახის ალტერნატიუ ფართში იმავე დღეს გადაიყვანდნენ.

"ამ ადამიანებს მიღებული აქვს დახმარება, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, თუმცა სახლი ძალიან არის ამორტიზებული და მას გამაგრება სჭირდება, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა იქამდე ვიდრე, რეაბილიტაცია დასრულდება პირობას ვდებთ, რომ მათ უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანთ" - განმარტეს ხარაგაულის გამგეობის შენობაში "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

გამგეობის წარმომადგენლის დაპირების გადამოწმება, თუ რამდენად რეალურად მოხდა პაქსაშვილების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, "ქუთაისიპოსტმა" ოჯახში გადაამოწმა.

პაქსაშვილების ოჯახი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ადასტურებს, რომ ისინი უსაფრთხო შენობაში ნამდვილად გადაჰყავთ და ეს პროცესი დღეს დაიწყო.
რა პირობებში ცხოვრობდნენ პაქსაშვილების ოჯახი და რას აპირებს ხარაგაულის გამგეობა, აღნიშნული ვიდეო მასალა იხილეთ დღეს საღამოს "ქუთაისიპოსტზე."

ანა ჯანაშია, ეკა კუხალაშვილი

Print