ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას პასუხობენ
FaceBook

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შუშანიას კრიტიკას ტურისტული სლოგანის მომზადებასთან დაკავშირებით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრში პასუხობენ.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის განცხადებით, შუშანიას კრიტიკა უსაფუძვლოა.

'' ნებისმიერი პროექტის განხილვამდე ან გაკრიტიკებამდე მიზანშეწონილია გაეცნო პროექტის შინაარსს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას მინიმუმ იმისთვის მაინც, რომ კრიტიკა საფუძვლიანი იყოს, თუ ეს არ ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და გათვლილია იმაზე, რომ არსებული ხარვეზი გამოსწორდეს, თუმცა ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადება დარგზე ან თანამოქალაქეებზე გულისტკივილით არ გაკეთებულა.

გიდების გადამზადების პროგრამა წლის დასაწყისში დაიგეგმა და ტენდერი კორონავირუსის პანდემიადე გამოცხადდა. საკრებულოს დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ააიპის პირდაპირი, სამართლებრივ აქტებში გაწერილი ვალდებულებაა სექტორის ხელშეწყობა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების კვალიფიკაციის ამაღლება. ვერავის დავპირდებით, რომ სამსახური საქმიანობას არ გააგრძელებს, პირიქით, მივიჩნევთ, რომ ახლა ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

რაც შეეხება განცხადებას ფინანსური სუბსიდიების გაცემასთან დაკავშირებით, ბატონ გიგა შუშანიას შევახსენებთ, რომ რეგიონალურ დონეზე ააიპ-ს არ აქვს უფლება მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა", – ნათქვამია ტურიზმის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ნაციონალური მოძრაობა"  ქუთაისის მერიას, ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50 000 ლარის გამო აკრიტიკებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა, გაუმართლებელია მისთვის გაღებული ხარჯებიც. ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე, აპროტესტებს ტურიზმის ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად 60 000 ლარის დახარჯვას და  მიიჩნევს, რომ თანხა, რომელსაც მერია არამიზნობრივად ხარჯავს, პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს უნდა მოხმარდეს.


ამავე თემაზე:

"50 000 ლარი დავხარჯეთ სლოგანში, რომელიც არაფრის მთქმელი არ არის"

გამოცანა: "ქუთაისი ქალაქია"- რისი თქმა სურს ხელისუფლებას და რა გაიგო საზოგადოებამ
Print